სომხეთის ეკონომიკის მინისტრი საქართველოს ეწვევა სომხურ ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი გაუგებარს უწოდებს იმ ბარიერებსა და პრობლემებს, რომლებიც ქართულ-სომხურ საზღვარზე ხელოვნურად იქმნება სომხური კონიაკისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის პროცესში. მინისტრის თქმით, ამ საკითხების უკეთ გასაგებად და მათ მოსაგვარებლად ის აპირებს საქართველოს ეწვიოს.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე, როცა კომენტარი გააკეთა იმ პრობლემებზე, რომლებიც სომხეთიდან რუსეთსა და ბელარუსში მიმავალ სატვირთოებს ექმნებათ საქართველოს ტერიტორიაზე, რის გამოც სომხური სატვირთოები დღეების განმავლობაში იძულებული არიან გაჩერდნენ საზღვარზე.
მინისტრის თქმით, კონიაკის სპირტით დატვირთული ზოგი სატვირთო მანქანა უკვე გაიყვანეს, თუმცა პრობლემა მთლიანად ჯერ არ მოგვარებულა.
„აქ გულწრფელი უნდა ვიყო, მიზეზები ჩვენთვის გაუგებარია, ვცდილობთ ყველა დონეზე ვიპოვოთ გამოსავალი. მინდა აღვნიშნო, რომ გვაქვს წინასწარი შეთანხმება, რომ უახლოეს დღეებში ვეწვევი საქართველოს, რათა პრობლემებს ადგილზე გავეცნო და მოვაგვაროთ ისინი“, - განაცხადა გევორგ პაპოიანმა.
შეგახსენებთ, რომ 13 მაისს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ერევანში საქართველოს საელჩოს წინ გამართეს საპროტესტო აქცია სომხური ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და ექსპორტიორი რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებმა.
აქციის ფარგლებში რამდენიმე წარმომადგენელი მიიღო საქართველოს საელჩომ, სადაც ქართულმა მხარემ მათ დაჰპირდა, რომ თბილისი ამ პრობლემების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.